კახეთში „დიპლომატიური ტური 2017” მიმდინარეობს
კახეთში „დიპლომატიური ტური 2017” მიმდინარეობს
18:45 25.05.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს ინიციატივით დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის დიპლომატიური ტური 2017 მიმდინარეობს. ტრადიციული ტურის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებული როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი ელჩები კახეთის რეგიონს, ყვარელს ეწვივნენ.


ტურის ფარგლებში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები გაეცნენ კახეთის რეგიონის როგორც ეკონომიკურ, ასევე ტურისტულ პოტენციალს, მოინახულეს „მეღვინეობა ხარება“ და დააგემოვნეს ქართული ღვინო.



დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრმა მადლობა გადაუხადა დიპლომატებს ტურში მონაწილეობისთვის და მიესალმა იმ ფაქტს, რომ ყოველწლიურად ტურში მონაწილეების რაოდენობა იზრდება. მინისტრის თქმით, დიპლომატიური ტური შესაძლებლობას აძლევს საქრათველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წევრებს სიღრმისეულად გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს და მათ ეკონომიკურ და ტურისტულ შესაძლებლობებს.



"ტურის ფარგლებში, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება განვიხილოთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნები და პრიორიტეტები. გვეძლევა შესაძლებლობა არაფორმალურ გარემოში, გავცვალოთ მოსაზრებები რეგიონებსა და ქალაქებს შორის უკვე არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, რაც ხელს შეუწყობს კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს ჩვენი ორმხრივი კავშირები"- განაცხადა მიხიელ ჯანელიძემ.



დიპლომატიური ტურის მონაწილეებისთვის კახეთის განვითარების სააგენტომ , გამართა პრეზენტაცია კახეთის რეგიონის კულტურა და ტრადიციების შესახებ, ხოლო საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლი მოწვეულ სტუმრებს ესაუბრა საქართველოს ტურისტული პოტენციალზე.



დიპლომატიური ტური 2017 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კახეთის რეგიონის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.

ბეჭდვა