უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ფარგლებში ცვლილებები განხორციელდა
 უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ფარგლებში ცვლილებები განხორციელდა
15:31 25.05.2017
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. რეფორმის მიზანი , უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის გაუმჯობესება და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფაა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეფორმის შედეგად შეიცვალა უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების სისტემა. ავტორიზაციის სტანდარტები და პროცედურები შესაბამისობაში მოვიდა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან. განახლებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები წარმოადგენს წინაპირობას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის შემდგომი ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისადმი ნდობის ამაღლებას, ინტერნაციონალიზაციასა და ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას.სისტემა გახდება მიმზიდველი, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის, გამარტივდება განათლების საერთაშორისოაღიარების პროცესი, გაცვლითი და ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების განხორციელება.

რეფორმის განხორციელება დაიწყო 2015 წლიდან, რასაც თან სდევდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ხოლო 2017 წლის 5 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები. რეფორმის განხორციელებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად ჩართულები იყვნენსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,ადგილობრივი,ევროპის საბჭოსა და ENQA-ს წამყვანი ექსპერტები.

"რეფორმის ფარგლებში შეიცვალა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები და პროცედურები. უსდ-ები 3-ის ნაცვლად შეფასდებიან 7 სტანდარტის მიხედვით.განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის და უსდ-ების მიერ მიღწეული შედეგების შეფასებას, როგორიცაა სტუდენტთა დასაქმების მაჩვენებელი, კვლევითი პროდუქტიულობის მაჩვენებელი,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სერვისების მიმართ სტუდენტების და სხვა დაინტერესებული მხარეების კმაყოფილების დონე.

განახლებული სტანდარტებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სრულფასოვნად შესაფასებლად შეიქმნა ექსპერტთა კორპუსი. პირველად ექსპერტთა ჯგუფების მუშაობაში, ადგილობრივებთან ერთად ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები, სტუდენტები და დასაქმების ბაზრის ექსპერტები.

ავტორიზაციის პროცესის ეფექტურად განსახორციელებლად შეიქმნა ელექტრონული პლატფორმა, რომელის საშუალებითაც განხორციელდება ავტორიზაციის პროცესის ყველა ეტაპი -განაცხადის შემოტანიდან საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ჩათვლით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, განახლებული მექანიზმების დასანერგად 2017 წლის ბოლომდე 3 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელდება პილოტირება უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. ამასთან, ცენტრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ექსპერტების მოსამზადებლად ინტენსიურად განახორციელებს კონსულტაციებს, ტრენინგებს და სამუშაო შეხვედრებს; ასევე, მიმდინარეობს მუშაობა დამხმარე მასალების მომზადებაზე"-აცხადებენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ბეჭდვა