იუსტიციის სასწავლო ცენტრში კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პროექტში მონაწილეობის მსურველთა ტესტირების მორიგი ეტაპი მიმდინარეობს.
ტესტირებას 129 აპლიკანტი ზოგად უნარ-ჩვევებში გაივლის. გამოცდა კომპიუტერული პროგრამის საშუალებით ჩატარდება, საკუთარი შედეგების ნახვა კი - მონაწილეს ტესტის დასრულებისთანავე შეეძლება.
კონკურსში გამარჯვებულები ორკვირიან ტრენინგებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თბილისისა და რეგიონების ტერიტორიულ სამსახურებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფისებში, ბანკებში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს ფოსტაში გაივლიან, ასევე უფასოდ მიიღებენ კომპიუტერს და ისარგებლებენ უსასყიდლო ტექნიკური მხარდაჭერით ერთი წლის განმავლობაში.
გამარჯვებული პირები ტრენინგის გავლის შემდეგ თანასოფლელებს კომპიუტერის გამოყენების უნარ-ჩვევების ათვისებაში დაეხმარებიან.
აღნიშნული პროექტის პირველ ეტაპზე 600 პირის მომზადება იგეგმება.
„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება“ 10 მაისს, ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დაარსდა. პირველი ეტაპისთვის შეირჩა 300 სოფელი, რომლებიც წლის ბოლომდე ინტერნეტით აღიჭურვება და მოსახლეობისთვის კომპიუტერის სასწავლო ცენტრები განთავსდება.
