მანავის სამხედრო ბაზაზე ახალი „საზაფხულო სკოლა“ მოეწყობა
მანავის სამხედრო ბაზაზე ახალი „საზაფხულო სკოლა“ მოეწყობა
16:40 18.05.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტს „საზაფხულო სკოლების“ ახალი პროგრამა „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად” პროექტი გააცნო, რომელიც 2017 წელს, მანავის სამხედრო ბაზაზე პირველად მოეწყობა და დასვენების შესაძლებლობა 1056 მოსწავლეს ექნება.
მანავის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზა მოსწავლეებს ივლის-სექტემბერში ნაკადებად უმასპინძლებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, პროგრამაში ჩართულები იქნებიან სხვა სახელმწიფო უწყებებიც, რომლებიც კომპეტენციის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის შესაბამის გარემოს უზრუნველყოფენ.
მანავის სამხედრო ბაზაზე საზაფხულო სკოლისთვის უზრუნველყოფილი იქნება ყველა სახის თანამედროვე ინფრასტრუქტურა და გაიმართება სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები. პროგრამის მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით, დაცული იქნება ბანაკის პერიმეტრი.
მანავის სამხედრო ბაზის გარდა, ასევე პირველად, „საზაფხულო ბანაკები“ კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელსა და სალიბაურის სკოლა-პანსიონატშიც მოეწყობა.

ბეჭდვა