თბილისის მეტროს განახლებულ ვაგონებში მგზავრები მობილური ტელეფონების დატენვასაც შეძლებენ
თბილისის მეტროს განახლებულ ვაგონებში მგზავრები მობილური ტელეფონების დატენვასაც შეძლებენ
13:59 17.05.2017
დღეიდან თბილისის მეტროს მგზავრებს კიდევ 4 განახლებული ვაგონი მოემსახურება. მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის და კაპიტალური რემონტის ფარგლებში, 2017 წელს პირველ ეტაპზე ხელშეკრულება 8 ვაგონის განახლებაზე გაფორმდა.
ახალ გარემონტებულ ვაგონებში მგზავრებს სიახლე ელით, კერძოდ, ვაგონებში დამონტაჟდა სპეციალური USB როზეტი, რომლის მეშვეობითაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ დატენონ მობილური ტელეფონები, სმარტფონები, პლანშეტები და სხვამობილური მოწყობილობები მგზავრობის დროს.
მერიის ინფორმაციით, მოძრავ შემადგენლობაში შეიცვალა სიჩქარის ავტომატური რეგულირების ბლოკის მთლიანი სისტემა. ძველი კომპრესორები ჩანაცვლდა ახალი, ხრახნული კომპრესორებით, ასევე, შეიცვალა მოძრავი შემადგენლობის გოგორწყვილი. ნაწილობრივ განახლდა მემანქანის კაბინისა და მოძრავი შემადგენლობის ინტერიერი. ვაგონების კაპიტალურ რემონტს და განახლებას ახორციელებს სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა.
2017 წელს, სულ, იგეგმება მეტროს 16 ვაგონის კაპიტალური რემონტი და 2 ვაგონის სრული მოდერნიზაცია.

ბეჭდვა