„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ რუსთავის ტყე-პარკის განადგურებაში მონაწილე პასუხისმგებელ პირთა დასჯას ითხოვს
„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ რუსთავის ტყე-პარკის განადგურებაში მონაწილე პასუხისმგებელ პირთა დასჯას ითხოვს
15:37 26.06.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე რუსთავის ტყე-პარკის განადგურებაში მონაწილე პასუხისმგებელ პირთა დასჯას ითხოვს.
როგორც მჟავანაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება სკვერებისა და პარკების რეაბილიტაციას გამწვანებული ტერიტორიების განადგურების ხარჯზე ახორციელებს.
მისი თქმით, სამუშაოებისას სკვერებსა და პარკებში მრავალწლიანი ნარგავების განადგურება და მათ ნაცვლად შადრევნებისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ნაგებობების დადგმა ხორციელდება.
„ამის ნათელი მაგალითია „მზიური“, ბუკიას ბაღი, კიკვიძის პარკი, მუშტაიდის პარკი, რიყის პარკი და ა.შ. რეალურად პარკებმა თავისი დანიშნულება დაკარგეს, ვინაიდან იქ დასვენება და ელემენტარულად, მზისთვის თავის არიდება შეუძლებელია“- განაცხადა მჟავანაძემ.
მისივე ინფორმაციით, თბილისის შემდეგ, ხელისუფლებამ ამ მეთოდის გამოყენება რუსთავშიც დაიწყო.
მჟავანაძის განცხადებით, 1028 ჰა-ზე გადაჭიმულ რუსთავის ტყე-პარკში ასეულობით იშვიათი სახეობის მრავალწლიანი ხეა განადგურებული.
„სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ალგეთი“ ახორციელებს. მოჭრილი ხეების ადგილზე რესტორნებისა და შადრევნების გაკეთება იგეგმება. ფაქტიურად, რუსთაველები ტყე-პარკის ნაცვლად, რიყის პარკის ტიპის დასასვენებელ ობიექტს მიიღებენ, სადაც რეალურად მხოლოდ დეკორატიული მცენარეებია და დასვენება შეუძლებელია“ - განმარტა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’’ რუსთავის ტყე-პარკის განადგურების შეჩერებას და პარკის განადგურებაში მონაწილე ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას მოითხოვს.

ბეჭდვა