„ქართული ოცნების“ ახალგაზრდებმა იუსტიციის სამინისტროსთან თეატრალიზებული აქცია გამართეს
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდებმა იუსტიციის სამინისტროსთან თეატრალიზებული აქცია გამართეს
13:18 26.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ იუსტიციის სამინისტროსთან ტამტამების თანხლებით თეატრალიზებული აქცია - „მატყუარა პროკურორები“ გამართა.
როგორც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე ზურაბიანმა განაცხადა, აქცია სახელწოდებით „მატყუარა პროკურორები“ ტამტამების თანხლებით იმიტომ გაიმართა, რომ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს, მიხეილ სააკაშვილის დაკრულზე ცეკვას არიან მიჩვეული.
„ვაპროტესტებთ იმას, რომ იუსტიციის სამინისტრო კონტროლის პალატის სურვილების აღმსრულებელია. გარდა ამისა, ვაპროტესტებთ იმას, რომ ხელისუფლება თავისუფალ სიტყვას ზღუდავს. ეს სტრუქტურა ცდილობს კონკრეტული ბიზნესსექტორის დაზარალებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“ - განაცხადა ზურაბიანმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდები ბოლომდე იბრძოლებენ, რათა თითოეულმა ახალგაზრდამ თავისუფლად გაიაროს თბილისის ქუჩებში, სიტყვის თქმის არ შეეშინდეს და თავისუფალი სიტყვის გამო არ იდევნებოდეს.
ზურაბიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდები მსგავს აქციებს სხვადასხვა სტრუქტურასთან მომდევნო დღეებშიც გამართავენ.

ბეჭდვა