არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლებმა წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
პარლამენტის წინ აქცია გამართეს.
როგორც აქციაზე „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარემ თამარ გაბისონიამ აღნიშნა, საქართველოში წამების მსხვერპლთა რაოდენობის მხრივ სავალალო მდგომარეობაა.
მისი თქმით, განსაკუთრებულად რთული მდგომარეობა ე.წ გლდანის საპატიმრო დაწებულებაშია.
„დაუშვებელია წამებით პატიმრების უფლებების ყოველგვარი შეზღუდვა. სახელმწიფო სტრუქტურებს ვთხოვთ, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება იმ პირების დასასჯელად, ვინც ნებისმიერ ადამიანზე ძალადობს“ - აღნიშნა თამარ გაბისონიამ.
მისი თქმით, ძალადობა ძირითადად წინასწარ პატიმრობაში მყოფ მოქალაქეებზე ხორციელდება. გაბისონიას ინფორმაციით, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პატიმრები ჩვენების მიცემიდან ორ-სამ დღეში პოზიციას იცვლიან და აცხადებენ, რომ ფიზიკური დაზიანებები არა ძალადობით, არამედ შემთხვევით მიიღეს.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ყურადღებას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ამახვილებენ.
“კონკრეტული მაჩვენებლები ან რაოდენობრივი მახასიათებლები მათ ჩამოყალიბებული არ აქვთ. თუმცა, ამბობენ, რომ საქართველოში ძალადობის გამოვლენა ძალიან რთულია, ვინაიდან, ხშირია შემთხვევები როცა პატიმრები ფაქტის დადასტურებაზე რამდენიმე დღეში უარს ამბობენ“- განაცხადა გაბისონიამ.
მისივე განმარტებით, პატიმრები კონკრეტულ პიროვნებებს არ ასახელებენ. მათი პოზიციის შეცვლით კი, დამნაშევეების გამოვლენა და დასჯა თანდათან უფრო ბუნდოვანი ხდება.
