თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ყაზახეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის წევრები
ესტუმრნენ. დელეგაციაში ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს, ქალაქ ასტანას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სახელმწიფო სადგურისა და წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები შედიან.
თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა და ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაკა გვარამიამ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე-12 რაიონული სამსახური და სამედიცინო აღჭურვილობა. სტუმრები, ასევე, დაინტერესდნენ ცენტრში ბოლო დროს დანერგილი სიახლეებით.
ნინა ხატისკაცის განცხადებით, ყაზახეთის დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითია. ისინი საქართველოში იმ სერვისების გასაცნობად ჩამოვიდნენ, რომლებსაც საქართველო გადაუდებელი დახმარების კუთხით ახორციელებს თბილისსა და ქვეყანაში.
ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაკა გვარამიამ სტუმრებს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
