მედიაგარემოს შესაფასებლად ხვალ საქართველოს ეუთოს წარმომადგენლები ეწვევიან
მედიაგარემოს შესაფასებლად ხვალ საქართველოს ეუთოს წარმომადგენლები ეწვევიან
16:20 30.04.2017
ლიტველი ექსპერტი დაინიუს რადზევიჩიუსი, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის მრჩეველ აიდარ ბოტაგაროვთან ერთად, 1-2 მაისს საქართველოს ეუთოს მანდატით ესტუმრება. ვიზიტის მიზანი საქართველოში არსებული მედიაგარემოს შეფასებაა.

ეუთოს წარმომადგენლები ვიზიტის მასპინძელს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს თამარ ჩუგოშვილს და უმრავლესობის დეპუტატებს, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს, საგარეო საქმეთა მინისტრს, სახალხო დამცველს, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს შეხვდებიან.

საქართველოში ვიზიტის შედეგად მედიაექსპერტი და ლიტვის ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელი დაინიუს რადზევიჩიუსი სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს და ადგილობრივი საჭიროებიდან გამომდინარე რეკომენდაციებს წარადგენს.


მედიაგარემოს შემსწავლელი მისიის ორგანიზების თხოვნით პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს ოფისს მარტის დასაწყისში მიმართა. მედიაომბუდსმენთან დაკავშირებით ხელისუფლების ამ ინიციატივის მიზანია მედიის სფეროში მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, პლურალისტული მედიაგარემოს განვითარება და საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ყველა კითხვის ნიშნის მოხსნა.


ბეჭდვა