მთავრობა პროფესიული გადამზადების პროგრამის მეორე ეტაპს იწყებს
მთავრობა პროფესიული გადამზადების პროგრამის მეორე ეტაპს იწყებს
15:32 25.06.2012
პროფესიული გადამზადების პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დასაქმებისა და გადამზადების მსურველ ყველა მოქალაქეს პროგრამის ფარგლებში შეუძლია 1 ივლისამდე რეგისტრაცია გაიაროს განათლების სამინისტროს შესაბამის ოფისებში და 1 000 ლარიანი ვაუჩერი მიიღოს.

გილაურის თქმით, პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში 1 500 ვაუჩერი გაიცემა, ხოლო ვინც ვაუჩერის მიღებას ამ ეტაპზე ვერ შეძლებს, დაფინანსების მოპოვება მას სექტემბრისთვის, მესამე ეტაპზე შეუძლია.

გილაურის თქმით, პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით, კურსდამთავრებულთა 60-70%-მა გადამზადებიდან პირველივე თვეში სამსახური დაიწყო.

„ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამაა, რაც წელს დავნერგეთ. მისი მიზანია ქვეყანაში უმუშევრობა შეამციროს და ეკონომიკას მეტი ძალა შესძინოს“ - განაცხადა პრემიერმა.

გილაურის თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე 18 პროფესიული სასწავლებელია, სექტემბრისთვის დამატებით 3 ახალი სასწავლებლის გახსნა იგეგმება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროფესიული გადამზადების პროგრამას მთავრობა მომავალ წელსაც გააგრძელებს.

ბეჭდვა