ქართველი და მოლდოველი სტუდენტები საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების კვლევაში მიიღებენ მონაწილეობას.
მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების საფუძვლიან კვლევაზე, საზაფხულო სკოლის პრეზენტაცია დღეს დაბა გრიგოლეთში გაიმართა.
საზაფხულო სკოლის მუშაობაში მოლდოვადან და საქართველოდან 30 სტუდენტი ჩაერთვება. მათ საერთაშორისო მიგრაციის საკითხებში ექსპერტები, ასევე მოლდოველი და ქართველი პროფესორები უხელმძღვანელებენ.
სტუდენტები ექსპერტების ლექციებს მოისმენენ და კვლევის ჩატარებასა და პრაქტიკულ დებატებში ჩაერთვებიან. მათ საკუთარი სამეცნიერო პროექტების წარდგენა და განხილვაც შეეძლებათ.
ღონისძიება 29 ივნისს დისკუსიებითა და სემინარებით დასრულდება. ყველაზე წარმატებული სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომები საზაფხულო სკოლის ჟურნალში დაიბეჭდება, ასევე, ისინი უფასო სამ თვემდე სტაჟირებას გაივლიან საქართველოსა და მოლდოვაში მიგრაციის მართვის სფეროში მომუშავე სახელმწიფო დაწესებულებაში.
