გურიაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გურიაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
16:49 24.04.2017
გურიაში ძლიერი ქარით გამოწვეულ სტიქიას ებრძვიან. დაზარალდა გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კახა გულედანი ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, არჩილ თალაკვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ეცნობა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ოზურგეთში გზები გაწმენდილია, მოსახლეობას გადაადგილების მხრივ პრობლემები არ ექმნება. რაც შეეხება სოფლებს, შესაბამისი სამსახურები სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ასევე, სტიქიის ადგილზე მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია.
გუშინ ძლიერმა ქარმა გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. სტიქიამ ქალაქ ოზურგეთში მაღალსართულიან საცხოვრებელ და კერძო სახლებს სახურავები გადახადა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრიგალის შედეგად ერთი სახლი სრულად დაინგრა. სტიქიისგან მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები.

ბეჭდვა