საქართველოში ექსპორტის მართვის სკოლა გაიხსნება
საქართველოში ექსპორტის მართვის სკოლა გაიხსნება
12:07 25.06.2012
ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინიციატივით, საქართველოში ექსპორტის მართვის სკოლა დაფუძნდება.
როგორც „ნიუსპრესს“ სააგენტოდან აცნობეს, ექსპორტის მენეჯერების სასერტიფიკატო კურსს კავკასიის ბიზნესსკოლა განახორციელებს, რომელიც კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატს გასცემს.
საინვესტიციო სააგენტოს ცნობით. შესაბამისი სკოლის გახსნის აუცილებლობა საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდამ განაპირობა, ვინაიდან ექსპორტზე ორიენტირებულ სხვადასხვა კომპანიასთან მუშაობამ აჩვენა, რომ პროფესიონალ ექსპორტის მენეჯერებზე მზარდი მოთხოვნა. პროექტის პირველ საპილოტე კურსს ნაწილობრივ საინვესტიციო სააგენტო დააფინანსებს.
პროგრამის ხანგრძლივობა 3-დან 4 თვემდე განისაზღვრა. მსმენელთა შერჩევა წერითი გამოცდისა და ზეპირი გასაუბრების საფუძველზე მოხდება. პროგრამის მსმენელთათვის სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა.
პროგრამის მიზანი ექსპორტის მართვის სკოლის ბაზაზე ექსპორტის სერტიფიცირებული მენეჯრების მომზადებაა, რომლებიც შეიძენენ სათანადო პრაქტიკულ და თეორიულ უნარჩვევებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დასანერგად. მსმენელთა წახალისებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, კურსის მონაწილე ყველა მსურველს მიეცემა შესაძლებლობა, სტაჟირება საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის საინფორმაციო ცენტრში გაიაროს.
ექსპორტის სერტიფიცირებული მენეჯერების კურსის პროგრამა როგორც თეორიული ასევე პრატიკული ნაწილისგან შედგება. ლექციებს წაიკითხავენ გამოცდილი ქართველი და უცხოელი პრაქტიკოსი ექსპერტები, ასევე ექსპორტის მოდელს გაუზიარებენ სპეციალურად მოწვეული კომპანიების წარმომადგენლები.
ექსპორტის მართვის სკოლის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.

ბეჭდვა