მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობა სრულდება
მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობა სრულდება
18:07 12.04.2017
ახალი, მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ობიექტი დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ევროკავშირის ელჩმა იანუშ ჰერმანმა, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ბრუნო ბალვანერამ და ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერეს. ობიექტზე ასევე იმყოფებოდნენ ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 6 ჰექტარ მიწისფართობზე მდებარე, 377 ავტობუსზე გათვლილი ბაზა, მაისის ბოლოს, ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ, EBRD-ის მხარდაჭერით შეძენილ 143 „MAN”-ის მარკის ავტობუსებს მიიღებს.
გარდა ამისა, 15 აპრილიდან 5 ერთეული ”MAN”-ის მარკის ახალი ავტობუსი დაინიშნება N9 სამარშრუტო ხაზზე. N9 ავტობუსი ვაგზლის მოედნიდან ბაგების მიმართულებით მოძრაობს.
ამდროისათვის თბილისში სულ ”MAN”-ის მარკის 40 ახალი ავტობუსი 61, 51, 37 და 87 ნომერ მარშრუტებზე მოძრაობს. თბილისის მერიის მიერ შეძენილი 143 ავტობუსი უკვე თბილისშია.
ბაზაზე პროექტით გათვალისწინებულია ყველა იმ ობიექტის მშენებლობა, რომელიც ავტობუსების სრული ციკლით მომსახურებისთვის არის საჭირო: ფარეხები, მომსახურების ცენტრები, სამრეცხაოები, ბენზინდა CNG ტექნოლოგიის გაზგასამართი სადგურები, ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები. ავტობაზა ადაპტირებული იქნება როგორც დიდი, ასევე, საშუალო გაბარიტების ავტობუსების მომსახურებაზე.
მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროექტი თბილისის მერიამ 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. პროექტის სრული ღირებულება 34 მილიონი ევროა, საიდანაც27 მილიონი EBRD-ის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი კრედიტია, ხოლო 7 მილიონი ევრო- ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ფონდის E5P-ის გრანტი.

ბეჭდვა