"ჭიაკოკონობაზე" საბურავების დაწვა 500-ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს
"ჭიაკოკონობაზე" საბურავების დაწვა 500-ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს
11:48 12.04.2017
საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომისწინა ოთხშაბათს ე.წ. „ჭიაკოკონობა" იმართება. კოცონის დასანთებად ხშირ შემთხვევაში ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებენ, რის შედეგადაც გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები გამოიყოფა.
აღნიშნულით საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას - არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები.
ნებისმიერი ტიპის ნარჩენების ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე. ამასთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს.

ბეჭდვა