აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობა კოლხური ბზის გადასარჩენად
სპეციალურ პროექტს ახორციელებს.
კოლხური ბზა საქართველოში გადაშენების პირასაა, რაც განპირობებულია როგორც ამ მცენარის მერქანზე მაღალი მოთხოვნით, ასევე, ბოლო პერიოდში გავრცელებული ბზის დაავადებებით, რაც მცენარის ხმობას იწვევს.
ქვეყნის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მთავრობის სხდომაზე, ბზობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას სპეციალური განცხადებითაც კი მიმართა და მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ ბზის ხეების ჭრისგან.
ქვეყნის ერთ-ერთი რეგიონი, სადაც კოლხური ბზაა გავრცელებული, აფხაზეთია.
აფხაზეთის ტერიტორიაზე კოლხური ბზის პრობლემის (ჯამურად იქ კოლხური ბზის ფართობები 5,8 ათას ჰა-ს აღემატება) განსაკუთრებული სიმწვავიდან გამომდინარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, კერძოდ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა და მის სისტემაში შემავალმა სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტომ“ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან CENN, კავშირ-ასოციაცია „აგორა“-სთან და საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოსთან ერთად შეიმუშავა პროექტი „კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობა“, რომლის იმპლემენტაციის მიზნით 2016 წლის 10 მაისს ზემოთაღნიშნულ ორგანიზაციებთან გაფორმდა პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებები.
პროექტის იდეა - კოლხური ბზის ნერგების გამოყვანა დაკალმების მეთოდით სათბურის პირობებში. ამ მიზნით ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში კავშირ-ასოციაციას „აგორას“ სასათბურე მეურნეობაში განხორციელდა 500 კვ.მ სათბურის ტექნიკური აღჭურვა, რაც გულისხმობს სარწყავი და ელექტროსისტემის, საჩრდილობელი, ნიადაგის დამცავი და მწერებისაგან დამცავი ფირის მონტაჟს. უშუალოდ კალმების ჩარგვა მოხდა 24 და 32 უჯრიან კასეტებში, რომლებიც განთავსებულია სპეციალურად დამზადებულ მაგიდებზე.
ზემოთაღნიშნული სამუშაოები განხორციელდა 2016 წლის ივლისს-აგვისტოში, ხოლო 15 სექტემბრიდან დაიწყო კალმების აღებისა და ჩარგვის პროცესი. საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჯანსაღი კალმების აღების მიზნით შეირჩა შესაბამისი მასივები, კერძოდ ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურას მიმდებარე ტერიტორია. პირველ ეტაპზე დამზადებულ იქნა 32 ათასი კალამი. კონტეინერებში მათი ჩარგვისთვის გამოყენებულ იქნა მაღალი ხარისხის ტორფისა და აგროპერლიტის ნაზავი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კალმების მოვლა-პატრონობა, კერძოდ მორწყვა, მავნებელ-დაავადებების შესაძლო გავრცელების მონიტორინგი. დაფესვიანების პროცესი მიმდინარეობს ნორმალურად და სერიოზული პრობლემები ჯერჯერობით არ წარმოშობილა.
კოლხური ბზის ნერგების სათბურის პირობებში დაკალმების გზით გამოყვანის მეთოდი შეირჩა რამდენიმე ნიშნით:
1. სათბურის პირობებში შესაბამისი ტექნიკური აღჭურვისა და სანიტარული ნორმების დაცვის შემთხვევაში მინიმუმადე დადის მავნებელ-დაავადებების გავრცელების საშიშროება, შედეგად ვღებულობთ ჯანსაღ სანერგე მასალას
2. დაკალმების მეთოდი უფრო ეკონომიურია და არ მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს
3. სათბურის პირობებში მრავალუჯრიანი კასეტების გამოყენებით შესაძლებელია მცირე ფართობზე დიდი რაოდენობის სანერგე მასალის მიღება
"ეს არის მხოლოდ პირველი ეტაპი, იგეგმება ყოველწიურად კალმების აღება-ჩარგვა და ჯამში 50000-მდე ნერგის მიღება.
წელს ზოგიერთი გვთავაზობდა კიდევაც ამ ნერგების ნაწილის (5.000 ცალამდე) რეალიზაციას „ბზობის“ წინა დღეებში თბილისის ეკლესიებთან (საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით), თუმცა მოწვეული ექსპერტების აზრით ეს აქცია არ იქნებოდა შედეგიანი, რადგან აღნიშნულ ნერგებს ჯერ-ჯერობით არა აქვთ სათანადოდ განვითარებული ფესვთა სისტემა, რაც საბოლოო ჯამში ბზის ნერგების გავრცელების პოპულარიზაციის იდეის დისკრედიტაციის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო"-განუცხადეს სააგენტო "ნიუსპრესს" აფხაზეთის მთავრობის აპარატში.
კოლხური ბზა (Buxus Colchica) - საქართველოს ფლორის რელიქტი და კავკასიის დენდროფლორის ენდემი - კოლხური ტყის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და დომინატი სახეობაა. ის შედის ბზისებრთა ოჯახში (მარადმწვანე ბუჩქი ან ხე; სიმაღლე: 10 მ–მდე; დიამეტრი: 24 სმ–მდე). ბუნებრივად გავრცელებულია ძირითადად დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში. საქართველოში კოლხური ბზის ფართობი 10 000 ჰა-ზე მეტია, აქედან მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე 5 500 ჰა-ია.
2010 წლიდან ჯერ აჭარის ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში გავრცელება დაიწყო დაავადებამ ბზის დამწვრობა, რომლის გამომწვევია სოკო - Cylidrocladium buxicola. 2014 წლიდან ის უკვე ვრცელდება აფხაზეთის ტერიტორიაზეც. ამავე დროს 2012 წელს სოჭის (რუსეთი) ოლიმპიური სოფლის გასამწვანებლად იტალიიდან შემოტანილ ბზის სარგავ მასალას შემოყვა მავნებელი - ბზის ალურა (Cydalima perspectalis), რომელმაც 2013 წლიდან დაიწყო გავრცელება აფხაზეთის ტერიტორიაზე და 2014 წლიდან კი ფიქსირდება დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში.
კოლხური ბზის კორომები მავნებელ-დაავადებების ზემოქმედების შედეგად მასობრივად გამხმარია ან მნიშვნელოვნად დაზიანებულია, კერძოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე დაზიანების ხარისხი აღწევს 80-90%, ხოლო დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში შედარებით ნაკლებია - 60-70%, რაც სამეცნიერო და საექსპერტო წრეების, სახელისუფლებო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელების მიერ ერთმნიშვნელოვნად ეკოლოგიურ კატასტროფად ფასდება.
2016 წლიდან საქართველოში დაიწყო კოლხური ბზის მავნებელის - ბზის ალურას წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შეწამვლის ღონისძიებები, კერძოდ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ განახორციელა ტყის ფონდში 400 ჰა ბზის ფართობის დამუშავება ბიოლოგიური ინსექტიციდით - ლეპიდინი, რომელიც, როგორც ზევითაა ნახსენები, სპეციალურად შერჩეული სახეობის ბაქტერიის - Bacillus thuringiensis var. kurstaki-ის (BTK) ბაზაზეა დამზადებული.
რაც შეეხება დაავადებას - ბზის დამწვრობა, ამ ეტაპზე მის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალება არ არის შერჩეული.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით სანერგე მეურნეობების შექმნის მიმართულებამ.
