ახალგაზრდობა უდიდესი ძალაა და ის ჩვენი ქვეყნის ოჯახების საკეთილდღეოდ უნდა იყოს მიმართული. ამის შესახებ სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე განაცხადა.
საპატრიარქოს დადგენილებით, დღეს ახალგაზრდობის დღესასწაულია და სწორედ ახალგაზრდების მოვალეობაზე ისაუბრა პატრიარქმა ქადაქგებაზე.
„როცა ჩვენ ვსაუბრობთ ახალგაზრდის მოვალეობასა თუ ადგილზე, უნდა ვიფიქროთ იმაზეც, თუ როგორ არის აღზრდილი ესა თუ ის პიროვნება. არაერთხელ მითქვამს, რომ ახალგაზრდის აღზრდაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ოჯახმა, სკოლამ და ეკლესიამ“ - ბრძანა უწმინდესმა.
მისივე თქმით, ახალგაზრდები მაქსიმალისტები არიან და უნდათ, რომ ყველაფერი საკუთარ თავში, ოჯახსა თუ საზოგადოებაში ერთ წუთში გამოასწორონ, თუმცა, ეს შეუძლებელია, რადგან ყველაფერი თანმიმდევრობით უნდა მოხდეს.
პატრიარქმა ქადაგების დასრულების შემდეგ ახალგაზრდები დალოცა.
„დღეს მინდა დავლოცო ყველა ახალგაზრდა; ასევე აბიტურიენტები, რომლებიც უმაღლესში სასწავლებლად ემზადებიან; ისინი, რომლებიც ქმნიან ოჯახებს, იწყებენ შრომას. ასევე, მინდა დავლოცო ბავშვები და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი ახალგაზრდები - ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე იმისა, გაარჩიოთ თეთრი და შავი, კეთილი და ბოროტი“ - ბრძანა უწმინდესმა.
