სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ადამიანის
პიროვნულ თვისებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავაკვირდეთ ადამიანის ერთ თვისებას - შეუძლია თუ არა მას სხვისი მოსმენა.
უწმინდესის განმარტებით, თუ ადამიანს მოსმენა არ შეუძლია და სურს, რომ სულ მხოლოდ თავად ილაპარაკოს, ვერაფერს გააკეთებს.
„არაერთხელ მითქვამს და მომავალში ალბათ ამაზე წიგნიც გამოვა - ყველაზე რთული პიროვნება არის ის, ვისაც კატეგორიული აზროვნება გააჩნია, ე.ი. ამბობს - რასაც მე ვიტყვი, ის არის ჭეშმარიტებაო“ - ბრძანა უწმინდესმა და აღნიშნა, რომ ეს უდიდესი შეცდომაა და მსგავსი პიროვნება მუდამ დამარცხებული იქნება.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, საჭიროა სხვისი მოსმენა - დიდისა და პატარას, განათლებულისა თუ გაუნათლებელის. მოსმენის კულტურა ყველას უნდა გააჩნდეს.
„მინდა ყველამ იფიქროს - შემიძლია თუ არა სხვისი მოსმენა, სხვისი აზრის გაზიარება. ზოგს მიაჩნია, რომ სხვისი მოსმენა სირცხვილია, მაგრამ სირცხვილი ისაა, როცა ადამიანი არავის უსმენს და სურს ყოველთვის თვითონ ილაპარაკოს“ - აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებაზე.
