„სტერეო პლუსის“ დირექტორი დავით ზილფიმიანი „აჭარის ტელევიზიის“ მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას და შავ სიაში
მოხვედრას „სტერეო პლუსის“ ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.
როგორც მან დღეს „ნიუსპრესს“ განუცხადა, უკვე ოთხი წელია კომპანია „აჭარის ტელევიზიისთვის“ თბილისიდან ბათუმში ციფრული სარელეო ქსელით ვიდეომასალების გადაგორებას უზრუნველყოფს, კონტრაქტის პირობების სრულად შესრულება კი, „სტერეო პლუსმა“ ფორსმაჟორის გამო ვერ შეძლო.
„იმის ნაცვლად, რომ „აჭარის ტელევიზია“ გაგებით მოკიდებოდა ამ სიტუაციას და „სტერეო პლუსი“, როგორც მედიაორგანიზაცია დაეცვა, „შავ სიაში“ შემიყვანეს და ახლა ჯარიმებს მაკისრებენ“ - განაცხადა ზილფიმიანმა.
მისივე თქმით, მან „აჭარის ტელევიზიას“ წერილობითაც მიმართა და აუხსნა, რომ ხარვეზი მომსახურებაში ფორსმაჟორით იყო გამოწვეული, თუმცა, ტელეკომპანიამ ეს მდგომარეობა არ გაითვალისწინა.
მისივე თქმით, „სტერეო პლუსი“ „აჭარის ტელევიზიას“ ოთხი წლის განმავლობაში პირნათლად ემსახურებოდა.
„ჩვენს გარეშე მანდ ნიუსი არ კეთდებოდა. ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება ჩვენზე იყო დაფუძნებული და ერთი დღე არ შექმნიათ პრობლემები“ - აღნიშნა ზილფიმიანმა.
„სტერეო პლუსი“ მსგავს მომსახურებას სხვა ტელეკომპანიებსაც უწევს და ზილფიმიანი ვარაუდობს, რომ კონტრაქტს ისინიც გაწყვეტენ.
დავით ზილფიმიანი რამდენიმე ხნის წინ ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ახალი დირექტორი ტელეკომპანიის 65%-იანი წილის მფლობელი ვასილ კობაიძეა. ზილფიმიანი ამ ფაქტს მის მფლობელობაში არსებული "სტერეო პლუსის“ მიერ "მეცხრე არხთან" გაფორმებულ კონტრაქტს უკავშირებს, რომელიც აღნიშნული ტელეკომპანიის დაზიანებული ტექნიკის შეკეთებას ითვალისწინებდა. მისი მტკიცებით, კობაიძის უკან პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილი დგას.
დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ “სტერეო პლუსი“ შავ სიაში შეიყვანა.
როგორც სააგენტოს ოფიციალურ გვერდზეა განმარტებული, შავ სიაში რეგისტრაციის მიზეზი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არასრულად შესრულება გახდა.
