ზვიად გამსახურდიას დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა
ზვიად გამსახურდიას დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა
10:37 31.03.2017
საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა.
ზვიად გამსახურდია დაიბადა თბილისში, ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით.
წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.
1956 წელს ზვიად გამსახურდიამ და მისმა მეგობრებმა საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს თბილისის ქუჩებში, რაც არნახული აქცია იყო მთელი სსრკ-ს მასშტაბით. 1976 წელს გამსახურდიას და კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი. ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ადამიანის უფლებების, პირველყოვლისა კი — ქართველების უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა თვითგამოცემებს (ჟურნალები: "საქართველო" , "ოქროს საწმისი" , "საქართველოს მოამბე" და სხვა). გამსახურდიას ინიციატივით თბილისში პირველად (თვითგამოცემის სახით) გამოიცა რუსი დისიდენტი მწერლის ალექსანდრე სოლჟენიცინის "გულაგის არქიპელაგი". ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ). მანამდე, 1975 წელს, გამსახურდია და კოსტავა აირჩიეს საერთაშორისო ორგანიზაციის "საერთაშორისო ამნისტიის" ("Amnesty International") წევრებად. მოგვიანებით გამსახურდია აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR-IGFM, შტაბ-ბინა მდებარეობს მაინის ფრანკფურტში) წევრად. გარდა ამისა, იგი აქტიურად თანამშრომლობდა მოსკოვში გამომავალ დისიდენტურ, თვითგამოცემით ჟურნალში "მიმდინარე ამბების ქრონიკა" (რედაქტორი: ს. კოვალიოვი).
დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა 1956 და 1977-1979 წლებში. 1977 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდია გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის“.
დღიდან გათავისუფლებისა (1979) ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა მოძრაობას პატიმრობიდან მერაბ კოსტავას დასახსნელად, რაც მოხერხდა 1987 წელს.
გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილს სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი 1989.
მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდგომ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას".
1990 წლის მარტში მოხდა განხეთქილება ეროვნული მოძრაობის ძალებს შორის. პარტიათა ერთ ნაწილს აუცილებლად მიაჩნდა საბჭოთა კავშირის კანონებით არჩევნების ჩატარება, არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის. ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ, რამდენადაც ლიტვამ 1990 წლის 11 მარტს სწორედ ასე დაიწყო სსრკ-დან გასვლა.
სხვა ძალები არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად თვლიდნენ და მოითხოვდნენ საბჭოთა არმიის გაყვანას საქართველოდან. მათი ლოზუნგი იყო: „ჯერ - თავისუფლება: შემდეგ - დამოუკიდებლობა“.
ზვიად გამსახურდია გაემიჯნა ამ უკანასკნელებს, უწოდა მათ „ანტიეროვნული მოძრაობა" და შექმნა პოლიტიკური ალიანსი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო". მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი - ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება
ბლოკმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) ზვიად გამსახურდია აირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. ამ მოვალეობას ის 1991 წლის მარტამდე ასრულებდა. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა"; აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. 1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვებით.
1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
აშშ-ის 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები. 1991 წლის აგვისტოდან დეკემბრის დამლევამდე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე-იურედ ცნეს რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ყაზახეთმა, მონღოლეთმა, ლიტვამ, კანადამ, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა.
გამსახურდიას ოპონენტები მწვავედ აკრიტიკებდნენ მას, როგორთ თავად უწოდებდნენ "მიუღებელი დიქტატორული ქცევისთვის", რაც მის პრეზიდენტად არჩევამდეც იყო მისი კრიტიკის საგანი. 19 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა და ორი სხვა მინისტრი გადადგნენ გამსახურდიას პოლიტიკის პროტესტის ნიშნად. ეს სამი მინისტრი ოპოზიციას შეუერთდა, უწოდებენ რა მას "დემაგოგსა და ტოტალიტარს". ემოციურ სატელევიზიო გამოსვლაში, გამსახურდიამ განაცხადა, რომ მისი მტრები ქვეყნის შიგნით ჩართული იყვნენ "საბოტაჟსა და ღალატში".
გამსახურდიას გამოხმაურება საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ მოწყობილი პუტჩის მიმართ დამატებითი კრიტიკის საგანი გახდა. 19 აგვისტოს გამსახურდიამ, საქართველოს მთავრობამ და უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მოწოდეს საქართველოს მოსახლეობისას შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, დარჩენილიყვნენ საკუთარ სამუშაო ადგილებზე და გაეგრძელებინათ საკუთარი საქმეები და არ აყოლოდნენ პროვოკაციებს ან არასანქციონირებულ ქმედებებს. მომდევნო დღეს გამსახურდიამ მოუწოდა საერთაშორისო ლიდერებს ეღიარებინათ რესპუბლიკები (მათ შორის საქართველო), რომლებმაც თავი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლად გამოაცხადეს. მან საჯაროდ განაცხადა 21 აგვისტოს, რომ პუტჩი თავად მიხეილ გორბაჩოვის ჩაფიქრებული იყო, რათა საკუთარი პოპულარობა გაეზარდა საბჭოთა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ამ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა "სასაცილო" (ინგლ. ridiculous) უწოდა.
1991 წლის დეკემბერს ოპოზიციამ რამდენიმე შენობაზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტზე, სადაც გამსახურდია იმყოფებოდა, იერიში მიიტანა. მოგვიანებით, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის ყოფილი მოადგილე, გენერალი სუფიან ბეპაევი მიუთითებდა, რომ 1991 წლის 24 და 28 დეკემბერს, როდესაც შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, აღნიშნული სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს. მძიმე ბრძოლები თბილისში გრძელდებოდა 1992 წლის 6 იანვრამდე, რის გამოც სულ მცირე 113 ადამიანი დაიღუპა.
6 იანვარს გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა ალყაშემორტყმული შენობიდან გააღწიეს და აზერბაიჯანში გაიქცნენ, თუმცა იქ მათ თავშესაფარი არ მიიღეს. სომხეთმა გამსახურდია მცირე ხნით მიიღო და უარი განაცხადა მის ექსტრადიციაზე საქართველოში. საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით სომხეთის მთავრობამ გამსახურდიას საშუალება მისცა რუსეთის სეპარატისტულ რეგიონში, ჩეჩნეთში, გაქცეულიყო, სადაც მას ჯოხარ დუდაევის მთავრობამ თავშესაფარი უბოძა.
მოგვიანებით გაჩნდა მტკიცებები (თუმცა დაუზუსტებელი), რომ გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხებას საბჭოთა ჯარები უწყობდნენ ხელს. 1992 წლის 15 დეკემბერს რუსულმა გაზეთმა "მოსკოვსკიე ნოვოსტი" გამოაქვეყნა წერილი, რომლის თანახმად ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ყოფილი ვიცე-ხელმძღვანელს, გენერალ-პოლოვნიკ სუფიან ბეპაევს გაგზავნილი ჰქონდა ქვედანაყოფი სამხედრო ოპოზიციის დასახმარებლად. მათ ჩაურევლად, გაზეთის მტკიცებით, "გამსახურდიას მომხრეების გამარჯვება გარანტირებული იქნებოდა". გაზეთი ასევე ამტკიცებდა, რომ ოპოზიციას ასევე დაეხმარა სპეც ნაწილი 28 დეკემბერს სატელევიზიო ანძის აღებაში.
მთავრობა დროებით შეცვალა სამხედრო საბჭომ. მისი ერთ-ერთი პირველი განკარგულება გამსახურდიასთვის პრეზიდენტის წოდების ფორმალური ჩამორთმევა იყო.
მთავრობიდან გადაყენების შემდეგ გამსახურდია აგრძელებდა საკუთარი თავის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად წარმოჩენას. 1992 წლის ნოემბერ-დეკემბერში ის მიწვეულ იყო ფინეთში (ფინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მიერ) და ავსტრიაში (ადამიანთა უფლებების საერთაშორისო საზოგადოების მიერ). ორივე ქვეყანაში მან პრეს-კონფერენციები და შეხვედრები გამართა პარლამენტარებთან და ოფიციალურ პირებთან.
შეტაკებები პრო- და ანტი-გამსახურდიას ძალებს შორის გრძელდებოდა 1992-93 წლებში. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ინციდენტი მოხდა თბილისში 1992 წლის 24 ივნისს, როდესაც გამსახურდიას შეიარაღებულმა მხარდამჭერებმა სახელმწიფო ტელევიზიის ცენტრი აიღეს. მათ მოახერხეს რადიო გზავნილის გაშვება ტექსტით: "ლეგიტიმური მთავრობა აღდგენილია. წითელი ხუნტას აღსასრული ახლოვდება." თუმცა ისინი ეროვნულმა გვარდიამ ტელევიზიიდან რამდენიმე საათში გამოდევნა. მათი მიზანი შევარდნაძის მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი ამბოხის წამოწყება უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
მთავრობამ საპასუხოდ მკაცრი რეჟიმი დაამყარა მთელს საქართველოში "ზვიადიზმის" ჩასახშობად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ადამიანთა უფლებების დარღვევებს მკაცრად აკრიტიკებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, შევარდნაძის პირადი პრესტიჟის წყალობით ქვეყანამ ფორმალური აღიარება მაინც მოიპოვა.
1993 წლის ოქტომბრის დამლევს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში (ამ ფაქტზე 2004 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N-174 შექმნილი სახელმწიფო კომისიისა და პროკურატურის მიერ). 1994 წლის თებერვალში იგი გადაასვენეს გროზნოში. მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია. ბრიტანული პრესის ცნობით, ცხედარი იპოვეს ერთადერთი ტყვიის ჭრილობით თავში. არსებობს მისი სიკვდილის ახსნის რამდენიმე ვერსია, თუმცა მათი სიზუსტის დადგება ვერ ხერხდება.

ბეჭდვა