მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ დღეს გაიხსნება კონფერენცია „მდინარეები გვაერთიანებს
2017“. ღონისძიება ტარდება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელის (CEE Bankwatch Network), მდინარეთა საერთაშორისო ქსელისა (International Rivers Network) და მწვანე ალტერნატივას მხარდაჭერით.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“-ს განცხადებით, დღეს, როგორც არასდროს მდინარეები საფრთხეშია დაგეგმილი და/ან მიმდინარე ათასობით ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გამო. კონფერენციის მონაწილეები გაუზიარებენ ერთმანეთს არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას მდინარეების დაცვისთვის და დაუკავშირებენ პრობლემური ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ არსებულ მოძრაობებს.
კონფერენციის მონაწილეები მთელი მსოფლიოდან - ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევრაზიის, ევროპის, ბალკანეთისა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ხმელთაშუა ზღვისა და კავკასიის ქვეყნებიდან - გამოხატავენ სოლიდარობას ქართველი აქტივისტებისა და დაზარალებული თემებისადმი, რომლებიც ცდილობენ შეაჩერონ საქართველოში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა, მათ შორის მაღალკაშხლიანი ნენსკრა ჰესი, ხუდონ ჰესი და ნამახვანი ჰესი.
„კონფერენციის მიზანია შევინარჩუნოთ ჯანმრთელი მდინარეები, რაც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს“-აცხადებენ ორგანიზატორები.
