„არქიტექტურა დროსა და ადამიანებს შორის გადებული ხიდი“ ამ სახელწოდებით
ხვალ გამოფენა - ფორუმი იხსნება. ღონისძიება კავკასიაში გერმანული დასახლებების 200 წლის იუბილეს ეძღვნება, რომელიც „გერმანია საქართველო 2017 წლის ფარგლებში“ ტარდება.
საიუბილეო თარიღი, UNESCO–ს გენერალური კონფერენციის 38-ე სესიის გადაწყვეტილებით, იმ ღირსშესანიშნავ თარიღთა სიაში შევიდა, რომლებიც 2016-2017 წლებში UNESCO–ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით აღინიშნება.
პროექტს ახორციელებს GIZ პროგრამა კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში არქიტექტორ და მშენებელ ქალთა გაერთიანებასთან: „ქალები აშენებენ კავკასიას“ თანამშრომლობით.
პროექტის მხარდამჭერები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი და ენერგო ეფექტურობის ინჟინერთა გაერთიანება არიან.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება შენობა-ნაგებობების არქიტექტურული ნიმუშების ფოტო-მასალა, რომლის შექმნა უკავშირდება გერმანული დასახლებების ჩამოყალიბებას საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საარქივო საილუსტრაციო მასალების ჩვენება, რომლებიც ასახავენ გერმანულ დასახლებებში სამშენებლო საქმიანობის განვითარებას. გამოფენაზე საარქივო ვიდეო-მასალის ჩვენებაა დაგეგმილი.
გამოფენის პარალელურად გაიმართება დიალოგ-ფორუმი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები და არქიტექტორ-მშენებლები წაიკითხავენ მოხსენებებს გერმანელების მიერ დატოვებულ კვალზე არქიტექტურასა და მშენებლობის განვითარებაში, საქართველოში გერმანული დასახლებების ტურისტულ პოტენციალსა და მის როლზე ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჟურნალის გამოცემა.
გამოფენას 18:00 საათზე სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების პროგრამის დირექტორი - მარიტა რიდელი გახსნის.
