შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულების
დაჯილდოება გაიმართა. ორგანიზაცია „მოქალაქემ“ მესამე ტურში გადასული 202 გამარჯვებული დააჯილდოვა. გამარჯვებულები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არიან.
ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. მესამე ტური ორ ნაწილს ითვალისწინებს. პირველი ნაწილი არის ესე - წერითი დავალება, რომელიც მოსწავლისაგან მოითხოვს რამდენიმე დილემური სიტუაციის ზნეობრივი პოზიციებიდან განსჯასა და პრობლემის გადაწყვეტის უნარის დემონსტრირებას. მეორე ეტაპზე კონკურსანტები სპეციალური კომისიის წინაშე წარადგენენ თავიანთ ესეებს. პრეზენტაციისას შეფასდება მოსწავლეთა ზეპირი მეტყველება, პრეზენტირების უნარი და არგუმენტირებული მსჯელობა.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტია და მესამედ იმართება. მას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. ოლიმპიადის მიზანი მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობაა. კონკურსში მონაწილეობას IX-XII კლასელები იღებენ და ის ქართულ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე იმართება.
წელს მონაწილეობის სურვილი 28 000-მდე მოსწავლემ გამოთქვა, მომდევნო ტურში კი 2100-ზე მეტი მონაწილე გადავიდა. მომდევნო ტურში გადასული ყველა მოსწავლე იღებს პრიზს ორგანიზაცია „მოქალაქისაგან“, 20 გამარჯვებული კი გაემგზავრება ენის კურსებზე დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში.
