„ეს შენ გეხება“ must carry-სთან დაკავშირებით ბაქრაძის ინიციატივას მიესალმება
„ეს შენ გეხება“ must carry-სთან დაკავშირებით ბაქრაძის ინიციატივას მიესალმება
18:35 22.06.2012
კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებას წინასაარჩევნო  პერიოდში must carry-ის პრინციპის დაშვებასთან დაკავშირებით, მიესალმებიან.
must carry საკაბელო ქსელის მეშვეობით ყველა სატელევიზიო არხის სავალდებულო გადაცემას ითვალისწინებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარემ ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება პირდაპირ ეხმიანება კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას ამ საკითხთან დაკავშირებით.
მისი თქმით, აღნიშნული პრინციპი საზოგადოებისთვის პლურალისტური ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობებს ქმნის.
„ეს შენ გეხებას“ წევრები მიიჩნევენ, რომ დავით ბაქრაძის მიერ გამოთქმული ინიციატივის განხორციელება მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს ითამაშებს წინასაარჩევნო გარემოს შექმნისა და ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის ჩამოყალიბებაში.
„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ამიტომ მივესალმებით ხელისუფლების მზადყოფნას, რომ ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას“-განაცხადა ლომჯარიამ.
იგი იმედოვნებს, რომ ბაქრაძის ინიციატივა სატელევიზიო არხების სავალდებულო გადაცემასთან დაკავშირებით, მხოლოდ წინასაარჩევნო არ იქნება.

ბეჭდვა