შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტების, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის, ასევე ყველა
მსურველისათვის საინფორმაციო ტურები გრძელდება.
ცენტრი შესაძლებლობას აძლევს სტუმრებს, შეხვდნენ საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. ასევე გაეცნონ ახალ პროექტს goNaec, რომელიც მათ საკუთარი ცოდნისა და უნარების ობიექტურად შემოწმებაში დაეხმარება.
თითოეული გამოცდისათვის მოწყობილია საილუსტრაციო კუთხე შინაარსობრივ თუ პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებული ვიზუალური და ნაბეჭდი პროდუქციით.
საინფორმაციო ტურის დაწყების დროა - 14:00, 15:00 და 16:00 საათი. მსურველები ტურის დაწყებამდე ათი წუთით ადრე უნდა მობრძანდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მინდელის ქ. N9), დაგვიანების შემთხვევაში ტურის მონაწილე შეუერთდება მომდევნო ნაკადს.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 23 თებერვლიდან დაიწყო. რეგისტრაცია ამ ეტაპისათვის 9000-მდე აბიტურიენტმა გაიარა. რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 31 მარტს დასრულდება.
