საავტომობილო გზების დეპარტამენტი „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის განცხადებას განმარტებით პასუხობს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის განცხადებას განმარტებით პასუხობს
21:58 14.03.2017
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი სეთურიძე ერთ-ერთი კომპანიის ლობირებასა და კორუფციული სქემების განხორციელებაში დაადანაშაულა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საავტომომობილო გზების დეპარტამენტი განმარტავს, რომ უწყების მიზანია, მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს და საზედამზედველო მომსახურებაც ამ სტანდარტების გათვალისწინებით განახორციელოს.
„ამ სტანდარტის გამოყენება უნდა მოხდეს არა მხოლოდ საერთაშორისო პროექტებზე, არამედ ბიუჯეტით დაფინასებულ სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებზე. ამისთვის, საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა გადაწყდა, რაც გაცილებით ეფექტიანი იქნება.
აქამდე გზების ზედამხედევლის ფუნქცია იყო მხოლოდ შესრულებული სამუშაოების მოცულობების კონტროლი, ახალი მომსახურებით კი საზედამხედველო კომპანია ვალდებულია გააკონტროლოს არა მხოლოდ მოცულობები, არამედ სამუშაოების ხარისხი და საჭიროების შემთხევაში ჩაატაროს ექსპერტიზა.
საზედამხედველო მომსახურების ტენდერში მონაწილეობა, ყველა მსურველს შეეძლო ვინც დააკმაყოფილებდა ტენდერით მოთხოვნილ კრიტერიუმებს. ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ, კომპანია IGH - მ, რომელმაც გაიმარჯვა ყველა სატენდერო პირობის დაცვით.
ტენდერის გამოცხადებამდე, ჩატარდა შესაბამისი ბაზრის კვლევა, სადაც მომსახურების ფასი თითოეული ობიექტის შემთხვავაში სამუშაოების ღირებულების 6%-დან 18% -მდე მერყეობდა. ამ შემთხევაში, აღებულ იქნა ყველაზე დაბალი ფასი - 5,5%. ასევე, აღსანიშნავია, რომ საზედამხედველო სამუშაოების გარდა, კომპანია ვალდებულია, 3 წლის განმავლობაში, გზებისა და ხიდების რეაბილიტაციისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და წინასაპროექტო დოკუმენტაცია მოამზადოს. ასევე, განახორციელოს დეპარტამენში შემოსული ყველა პროექტის ექსპერტიზა, რაც საბოლოო ჯამში ყველა ამ მომსახურებაზე აქამდე ცალ-ცალკე გადასახდელი თანხის დაზოგვის საშუალებას იძლევა.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უფლება აქვს თავისი სურვილისამებრ შეარჩიოს კონტრაქტორი ორგანიზაცია და საავტომობილო გზების დეპარტამენტი არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს კონტრაქტორისა და ქვეკონტარქტორის ფინანსურ თუ სხვა შრომით ურთიერთობაში.
რაც შეეხება სატენდერო მეთოდოლოგიას, სატენდერო კომისია უფლებამოსილია სატენდერო კრიტერიუმები შეიმუშავოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის შესაბამისად. ტენდერის გამოცხადებისას განსაზღვრულია ყველა კრიტერიუმი და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება. დისკვალიფიკაცია ტენდერში მონაწილეებს ეძლევათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ტენდერით წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს. რაც შეეხება აუდიტის დასკვნებს, ნაციონალური მოძრაობის ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, დეპარტამენტის შესახებ მსგავსი დასკვნა სახელმწიფო აუდიტის შემოწმების შემდეგ არ დადებულა“ - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებაში.

ბეჭდვა