„სახელმძღვანელო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ კვლევის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ბეტსში“ გაიმართა.
პროექტი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - აზერბაიჯანმა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - სომხეთმა“ ერთობლივად განახორციელეს.
როგორც ჟურნალისტებს კვლევის ავტორმა ქართული მხრიდან ეკატერინე ბოკუჩავამ განუცხადა, პროექტის მიზანი იყო გარკვევა იმისა, თუ როგორ ასრულებენ რეგიონის ეს ქვეყნები და მათი საჯარო დაწესებულებები მოვალეობებს და რამდენად გასცემენ ისინი საჯარო ინფორმაციას.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის დახმარებით, შეისწავლეს საზოგადოებრივი აზრი და გამოავლინეს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის უფლების შესახებ, მოქალაქეთა ინფორმირებულობის ხარისხი.
„ჩვენი მიზანი იყო გამოგვევლინა როგორ გასცემდნენ სახელმწიფო დაწესებულებები საჯარო ინფორმაციას. საქართველოში 33 სახელმწიფო დაწესებულებას გავუგზავნეთ წერილი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, აქედან, პასუხი 28-ზე მივიღეთ, 5 - პასუხგაუცემელი დარჩა“ - განაცხადა ბოკუჩავამ და აღნიშნა, რომ პასუხი არ მოსულა მთავრობის, განათლებისა და თავდაცვის სამინისტროებისგან.
მისივე ინფორმაციით, წერილებს 19-მა საჯარო დაწესებულებამ დროულად უპასუხა, 2-მა დაუყონებლივ, დანარჩენ წერილებზე პასუხი დაგვიანებული იყო.
„სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში საჯარო ინფორმაციას არ იძლევიან ისეთი დაწესებულებები როგორიცაა ეკონომიკის სამინისტრო, თბილსის მერია და მთავარი პროკურატურა. ისინი ინფორმაციას არასრულყოფილი სახით იძლევიან“ - განაცახად მან.
პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა.
