იტალიელი რესტავრატორი, „იუნესკოს“ მასშტაბური პროექტების ავტორი და კონსულტანტი ანდრეა ბრუნო მიიჩნევს, რომ ბაგრატის ტაძრის ავთენტურობა
სრულად შენარჩუნებულია და შემდგომი რეკონსტრუქცია ეკლესიასთან მჭიდროდ თანამშრომლობით უნდა გაგრძელდეს.
როგორც ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის პროექტის პრეზენტაციაზე ბრუნომ აღნიშნა, მას ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციაზე მუშაობის დაწყება იმ მრავალწლიანმა გამოცდილებამ გააბედინა, რომელიც „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობისას დაუგროვდა.
„როდესაც საქართველოს მხრიდან მოწვევა მივიღე, გადავხედე იმ მასალებს, რომლებიც ბაგრატის ისტორიას მოგვითხოვს. არ გადამიხვევია იმ კრიტერიუმებისთვის, რაც გათვალისწინებული იყო „იუნესკოს“ მიერ“ - აღნიშნა ანდრეა ბრუნომ და დასძინა, რომ აღდგენის მთავარი მიზანი არის ის, რომ ნაგებობას დაუბრუნდეს თავისი მთავარი ფუნქცია.
მისი თქმით, იგი გაოგნებული დარჩა, როცა „იუნესკოს“ წარმომადგენლის დასკვნა წაიკითხა ტაძრის ავთენტურობის დაკარგვის შესახებ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ტაძარს ავთენტურობა არ დაუკარგავს და ვაცხადებ, რომ მას ყველა კრიტერიუმი აქვს იმისთვის, რომ „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის სიაში შედიოდეს. მიმაჩნია, რომ დასკვნა, რომელიც „იუნესკოს“ წარმომადგენელმა დადო, უნდა გადაიხედოს“ - აღნიშნა ანდრეა ბრუნომ და დასძინა, რომ ყველა ის ფაზა, რომელიც ტაძარმა რესტავრაციისას გაიარა, ყველასთვის შესამჩნევია და ძველი და ახალი მნიშვნელოვნად არის გამიჯნული.
