ნიკა ვაჩეიშვილი - გაურკვეველ ნანგრევს სჯობია სრულფასოვანი ტაძარი გვქონდეს, სადაც, ჯეროვნად იქნება წარმოდგენილი ყველა ეპოქის ფენა
ნიკა ვაჩეიშვილი - გაურკვეველ ნანგრევს სჯობია სრულფასოვანი ტაძარი გვქონდეს, სადაც, ჯეროვნად იქნება წარმოდგენილი ყველა ეპოქის ფენა
14:23 22.06.2012
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
პრეზენტაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ გახსნა და აღნიშნა, რომ განმარტებები გაკეთდება ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის პროექტის გარშემო არსებულ დეტალებზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხშირ შემთხვევაში ვრცელდება არაკომპეტენტური ინფორმაცია და გარკვეული პირები ამ თემაზე პროვოცირებით საქართველოში შუღლის ჩამოგდებას ცდილობენ.
პროექტის დეტალები საზოგადოებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ვაჩეიშვილმა წარუდგინა. მან ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის ყველა ეტაპზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირვანდელი რესტავრაციის დროსაც კი, გამოყენებული იყო რკინა-ბეტონი, რომელმაც შემდგომში მისი მდგრადობა უზრუნველყო.
ვაჩეიშვილის თქმით, დღეს ტაძრის სტრუქტურა საკმაოდ გამძლეა და იგი რვა ბალიან მიწისძვრასაც კი გაუძლებს, გამაგრებულია ყველა სუსტი წერტილი.
„გაურკვეველ ნანგრევს სჯობია გვქონდეს სრულფასოვანი ტაძარი, სადაც, ჯეროვნად იქნება წარმოდგენილი ყველა ეპოქის ფენა და არ იქნება დაკარგული არცერთი არტეფაქტი. ყველა მონახაზი ძველის გათვალისწინებით აღვადგინეთ, გარდა ტაძრის დასავლეთ მკლავისა, რომელიც არ არსებობდა პირვანდელი სახით“ - განაცხადა ვაჩეიშვილმა და აღნიშნა, რომ დასახელებულ ნაწილში თანამედროვეობას ხაზი „იუნესკოს“ თანხმობით გაესვა.

ბეჭდვა