აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე აჭარის
ჯანდაცვის მინისტრ, ზაალ მიქელაძესთან ერთად დედის დღესთან დაკავშირებით აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ოჯახს ესტუმრა.აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შინდისის გმირის ავთანდილ ქამაშიძის დედას - ნანული ქამაშიძეს, დედის დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მცხოვრებ ოჯახს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე ესტუმრნენ.
ავთანდილ ქამაშიძე, 20 წლის ასაკში, სოფელ შინდისთან საომარი მოქმედებების დროს საავიაციო ჭურვმა იმსხვერპლა.
აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ პროგრამას ახორციელებს.
დედის დღესთან და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოში და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაღუპული სამხედრო მეომრების დედებსა და მეუღლეებს 1000-1000 ლარი გადაეცემათ.
მატერიალურ დახმარებას სულ 23 ქალბატონი ღებულობს.
ამავე პროგრამის ფარგლებში, აჭარის მთავრობა აგვისტოს თვეში ერთჯერად მატერიალურ დახმარებას გაუწევს 20 მეომრის ოჯახს - თითოეულს 3000 ლარის ოდენობით. პროგრამის ბიუჯეტი 83 000 ლარს შეადგენს.
"მინდა ყველა დედას დღევანდელი დღესასწაული- დედის დღე მივულოცო! ყველა მათგანს ჯანმრთელობას, სიკეთეს, წარმატებებს ვუსურვებ. დღეს ჩვენ დედის დღე ქალბატონ ნანულ ქამაშიძეს მივულოცეთ, რომელმაც ნამდვილი გმირი, შვილი გაზარდა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას თავი შესწირა " - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
