ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის განცხადებით, მისი მენეჯმენტის პირობებში შეიცვლება მხოლოდ ის, რომ
ტელეოკომპანია „რუსთავი 2“ არა რომელიმე პარტიის, არამედ ხალხის ტელევიზია იქნება.
მისივე თქმით, ნიკა გვარამია არა მას, არამედ სახელმწიფოს ებრძვის და სურს, რომ ხელისუფლებას ძალით დაუპირისპირდეს.
„როდესაც სასამართლოს მივმართეთ, იმ დღიდან ველოდით, რომ „რუსთავი 2“-ს ჩვენ მოგვაკუთვნებდნენ, ისე არ მივმართავდით. დარწმუნებული ვიყავით სიმართლეში. „რუსთავი 2“-ში ალბათ უახლოეს მომავალში შევალთ, მაგრამ ეს არ იქნება ძალდატანებით დღეს ან ხვალ. ის შეიცვლება, რომ ის იქნება არა ერთი პარტიის, არამედ მთელი საქართველოს ტელევიზია. ის იქნება კრიტიკული და არა პარტიული.
ნიკა გვარამია უპირისპირდება სახელმწიფოს, და არა მე. ის ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ძალით დაუპირისპირდება. მასეთი რამ საქართველოს პრაქტიკაში არ არსებობს. ჩვენ თავზე გვაქვს უსამართლობა განცდილი. დაგვიწვეს, წაგვართვეს, ხალხი უმუშევარი დატოვეს. შემდგე აღსრულების ფურცლის გარეშე შემოვიდნენ და ქონება გაზიდეს და ვერაფერი გავაკეთე, იმიტომ რომ სახელმწიფო იყო ჩვენ წინააღმდეგ“- განაცხადა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.
ბიზნესმენის განცხადებით, ის უახლოეს მომავალაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გაყიდვას არ გეგმავს.
„ეს ყველაფერი არის სააკაშვილის მიერ ინსპირირებული და ის ხალხი ბარიკადებზე მხოლოდ სააკაშვლის ინტერესების დასაცავად დგას. მე არ მითქვამს, რომ ტელევიზიას ვყიდი. არ ვაპირებ ამას უახლოეს მომავალში. უბრალოდ ვთქვი, რომ არ ვაპირებ მთელი ცხოვრება „რუსთავი 2“-ის მფლობელი ვიყო. ჯერ უნდა შევაფასო და თუ ბიზნესი მომგებიანია, მაშინ იქნება, თუ არადა მივყიდი ვინმეს. ეს ჩვეულებრივი კომერციაა.
ვისც წასვლა უნდა ტელევიზიიდან ყველა წავა, ვისაც არა და დარჩება. კომერცია არის წარმატების საწინდარი. თუ გვინდა, რომ კომერციულად გამართული ორგანიზაცია ვიყოთ, არხს უნდა ჰქონდეს პირველ რიგში, რეიტნგი. რეიტინგს სჭირდება პროფესიონალი ადამიანები. ეს გუნდი კი, რა თქმა უნდა, პროფესიონალურია“- განაცხადა ხალვაშმა.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ „ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.
ამასთან დაკავაშირებით გადაწყვეტილება დიდი პალატის მოსამართლლეებმა გუშინ მიიღეს.
ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი მიეკუთვნა, ხოლო 40%-ის წილის მესაკუთრედ შპს „პანორამა“ ცნეს.
