საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და სლოვაკეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „მემო 98“ წინასაარჩევნოდ მედიამონიტორინგს იწყებენ.
მედიამონიტორინგის პროექტი ორგანიზაციებმა დღეს ერთობლივ პრეზენტაციაზე წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში, კონკურსის საფუძველზე შერჩეული ექვსი მონიტორი თერთმეტი ტელეკომპანიის კომპლექსურ მედიამონიტორინგს განახორციელებს.
მონიტორინგი საეთერო პროგრამაზე 19.00 საათიდან 24.00 საათამდე განხორციელდება და დაკვირვება „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული პრინციპების დაცვის კუთხითაც მოხდება.
როგორც პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის - ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მედია პროექტების მენეჯერმა ხატია ჯინჯიხაძემ აღნიშნა, საქართველოში წინასაარჩევნოდ რამდენიმე ორგანიზაციამ მონიტორინგის განხორციელება უკვე დაიწყო, თუმცა, ახალი პროექტი შედარებით განსხვავებულ მიზნებს ისახავს.
მისივე თქმით, შესწავლილიქნება არამხოლოდ საინფორმაციო გამოშვებები, არამედ სხვა პროგრამები და დაფიქსირდება რამდენად შეესაბამება ესა თუ ის პროგრამა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს.
პროექტის ექსპერტის ივან გოდარსკის თქმით, მნიშვნელოვანია თუ როგორ ფასდება წინასაარჩევნო მოვლენები ჟურნალისტების მიერ და დაკმაყოფილებელია თუ არა სამი ძირითადი პრინციპი - რამდენად თავისუფალია მიწოდებული ინფორმაცია, როგორია პოლიტიკური პარტიების მიერ მასმედიისთვის გადაცემული ინფორმაციის თავისუფლების ხარისხი და ხომ არ იზღუდება რომელიმე ტელეკომპანია ან რაიმე ზეწოლა ხომ არ ხორციელდება მასზე.
„ასევე, ჩვენი მისიაა, ჟურნალისტების უფლებების ადვოკატირება და ჩვენი საქმიანობის პროცესშიც ვხელმძღვანელობთ იმ პრინციპებით, რომ გაანალიზდეს გადაცემები და გაირკვეს თანაბრად არის თუ არა წარმოდგენილი ინფორმაცია, არის თუ არა ფაქტების სიზუსტე და როგორია პროგრამების ხარისხი“ - აღნიშნა ივან გოდარსკიმ.
პროექტის მიზანია, ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, პროფესიული სტანდარტების ამაღლება და აპრობირებული საერთაშორისო გამოცდიელბის გზაიარება. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, მათზე სამართლებრივი რეაგირება მოხდება და მიმდინარე მოვლენები დოკუმენტებში აისახება. მედიამონიტრინგი 1 ივლისიდან არჩევნების დღემდე პერიოდში ჩატარდება.
