საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 70 ახალ სამეცნიერო კვლევას დააფინანსებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტები ახალი ცოდნის შემუშავებაზე, ინოვაციური იდეებისა და კონცეფციების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა - ანალიზზე, საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადი მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შექმნასა და გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფაზე იქნება ორიენტირებული.
კვლევები ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამედიცინო, სიცოცხლის, დედამიწის შემსწავლელ და აგრარულ სფეროებში დაფინანსდება.
სამეცნიერო პროექტების ნაწილს საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერები უხელმძღვანელებენ. დაფინანსებას 600-ზე მეტი მეცნიერი, მათ შორის ახალგაზრდა მკვლევარები და სტუდენტები მიიღებს.
