მართლმადიდებელი მრევლისთვის ხვალიდან დიდი მარხვა იწყება და ის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე
გაგრძელდება.
დიდმარხვა, ეკლესიის მიერ დადგენილი წლიური ოთხი სამარხვო პერიოდიდან ერთ-ერთი და ყველაზე ხანგრძლივი მარხვაა, როდესაც მართლმადიდებელი მრევლი 40 დღის განმავლობაში ლოცვითა და მარხვით ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისთვის ემზადება. მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ აღევლინება. სრულდება მხოლოდ საეკლესიო წესის მიერ დადგენილი სპეციალური საგალობლები და ლოცვები. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. ოთხშაბათსა და პარასკევს ტაძრებში ტარდება პირველშეწირულის ლიტურგია. პარასკევს საღამოს ლოცვის დროს იკურთება წანდილი.
დიდმარხვის განმავლობაში მორწმუნეები არ იღებენ ხორცსა და რძის ნაწარმს. თევზით ხსნილი კი მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზეა. მარხვის პირველ და ბოლო კვირას მორწმუნეები სურვილის, შესაძლებლობისა და მოძღვრის კურთხევის მიხედვით ინახავენ მძიმე მარხვას.
