მდინარე მტკვრის უპრეცედენტოდ მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. დაგეგმილია
კომპლექსური ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მდინარე მტკვარი სპეციალური ტექნიკის საშუალებით გაიწმინდება წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან, ლაქაშისგან და ა.შ. განხორციელდება ხეების სხვლა-ფორმირება, ის ხე-მცენარეები კი, რომლებიც გამხმარია, ან მტკვრის ჯებირს აზიანებენ, მოიჭრება.
სამუშაოებში თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები, ასევე, შსს-ს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, მათ შორის ალპინისტები არიან ჩართულნი.
მტკვრის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები პერმანენტული ხასიათისაა და რამდენიმე დღეს გაგრძელდება. საბოლოოდ, დაახლოებით, 10 კმ-იანი მონაკვეთი დასუფთავდება. გაწმენდითი სამუშაოები თავდაპირველად ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს - ორთაჭალის ჰესის მიმდებარედ და მარცხენა სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ გზაჯვარედინთან (რესტორანი „აფხაზეთი“-ს მიმდებარედ). დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელსაც შსს და მერიის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ.
აღნიშნული ღონისძიებები მდინარე მტკვრის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს, რაც ქალაქის ეკოლოგიაზეც დადებითად აისახება.
