მდინარე მტკვრის გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დაიწყება
მდინარე მტკვრის გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დაიწყება
17:19 20.02.2017
მდინარე მტკვრის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები ხვალ იწყება.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებები გატარდება, რომლის ფარგლებშიც, თბილისის მერიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან.

მდინარე მტკვარი წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან, ლაქაშისგან და ა.შ. სპეციალური ტექნიკის საშუალებით გაიწმინდება. ასევე, ხეების სხვლა-ფორმირება განხორციელდება, ის ხე-მცენარეები კი, რომლებიც გამხმარია, ან მტკვრის ჯებირს აზიანებენ, მოიჭრება.

სამუშაოებში თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები, ასევე, შსს-ს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, მათ შორის ალპინისტები ჩაერთვებიან. პროცესის მიმდინარეობისას, უსაფრთხოების ყველა ზომა იქნება დაცული, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ.

გაწმენდითი სამუშაოები თავდაპირველად ორ ლოკაციაზე ორთაჭალის ჰესის მიმდებარედ და მარცხენა სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ გზაჯვარედინთან ( რესტორანი „აფხაზეთი“-ს მიმდებარედ) განხორციელდება.

კომპლექსური ღონისძიებების ციკლი ხვალ დაიწყება.



ბეჭდვა