„ეს შენ გეხება“ მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტის კანონპროექტის ინიცირებისთვის ხელმოწერებს შეაგროვებს
„ეს შენ გეხება“ მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტის კანონპროექტის ინიცირებისთვის ხელმოწერებს შეაგროვებს
16:49 21.06.2012
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებს მაუწყებლის სავალდებულო  ტრანზიტის კანონპროექტის ინიცირებისთვის ხელმოწერების შესაგროვებლად დღეს თანხმობა მისცა.
კომიტეტმა კამპანიის წევრებს ხელმოწერების შეგროვების შესაბამისი ფორმაც გადასცა.
როგორც შეხვედრის შემდეგ „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელმოწერები ძალიან სწრაფად უნდა შეგროვდეს, ივლისის დასაწყისში პარლამენტს წარედგიონს და კანონპროექტის განხილვა დაიწყოს.
„თუ მოლაპარაკებები შედგება, იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. მაქვს ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, გარკვეული პოზიციები შეიცვალოს“- განაცხადა მელაშვილმა.
მისი თქმით, შეთანხმების შემთხვევაში, აგვისტო-სექტემბერში რეგიონებში, ტელეკომპანიების „მაესტროს“, „კავკასიას“, „მე-9 არხისა“ და „თრიალეთის“ მაუწყებლობა იქნება შესაძლებელი.
მელაშვილის განცხადებით, ხელმოწერების წარდგენის შემთხვევაში, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ბიურო ვალდებულია გადაწყვიტოს როდის განიხილავს პარლამენტი ამ საკითხს.
ამასთან, მელაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანაა მოსახელობამ ამ ტელეკომპანიების ყურება შეძლოს, ხოლო ფორმულირებებზე იქნება ეს “must carry“ თუ სხვა, შეთანხმება შესაძლებელია.
„არცერთ ჩვენგანს ფორმულირებები ამოჩემებული არა აქვს. მთავარია პრობლემა მოგვარდეს“ - განაცხადა მელაშვილმა.
კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებისათვის 30 ათასი ხელმოწერაა საჭირო.

ბეჭდვა