საქართველოს დელეგაცია ბრაზილიაში, რიო დე-ჟანეიროში კონფერენციაზე „რიო+20, მომავალი, რომელიც გვსურს" გამართულ კონფერენციაში მონაწილეობს.
დელეგაციას გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე ხელმძღვანელობს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით "რიო+20"-ზე შეხვედრა მოაწყო თემაზე - "გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში." დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო გაეროს ორგანიზებულ პარალელურ თემატურ შეხვედრებში, დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის გოგა ხაჩიძის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები სხვა ქვეყნების შესაბამის წარმომადგენლებთან.
როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციაში მსოფლიოს ყველა რეგიონიდან 55 000-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის ქვეყნების უმაღლესი რანგის პირები, მინისტრები, გარემოს დაცვის ექსპერტები და ბიზნესლიდერები.
სამიტი ბრაზილიის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა გახსნა. კონფერენციის ძირითადი თემებია - გარემოს დაცვის უზრუნველყოფა, სიღარიბის დაძლევის ხელშესაწყობად მსოფლიოში მწვანე ეკონომიკის განვითარება და სოციალური სამართლიანობის აღდგენა.
გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რიო+20 შესაძლებლობას აძლევს მსოფლიო საზოგადოებას ერთად განიხილონ პროგრესი, რომელიც “დედამიწის სამიტზე” 1992 წელს დაიწყო.
„რიო+20“-ს გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან მსოფლიოს 134 ქვეყნის ლიდერი და 180 სამთავრობო დელეგაცია ესწრება. სამიტის მაღალი რანგის შეხვედრები 22 ივლისამდე გაგრძელდება.
