თბილისში ავარიული კორპუსის გამაგრება მიმდინარეობს
თბილისში ავარიული კორპუსის გამაგრება მიმდინარეობს
13:28 10.02.2017
თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, მინდელის ქუჩაზე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრების სამუშაოებს გაეცნო.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ნარმანია ავარიული კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა და შენობის გამაგრების სამუშაოების მიმდინარეობაზე ესაუბრა.

,,ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოები ქალაქში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენ კორპუსის გამაგრების თხოვნა მოსახლეობისგან გასულ წელს მივიღეთ და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, აღდგენითი სამუშაოები შემოდგომაზე დავიწყეთ. ამ და კიდევ სხვა 30-ზე მეტ მკვეთრად ავარიულ კორპუსს წლის განმავლობაში გავამაგრებთ, რაც ამ სახლებში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას და პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვაკის რაიონში, მინდელის №1-ში, მე-3 ხარისხის დაზიანების საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამშენებლო სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „გრანიტი“ აწარმოებს. გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენებული 17-სართულიანი კორპუსის სექცია 24 სანტიმეტრითაა გადახრილი და ნაგებობას საძირკვლის ჯდენები გააჩნია. მიმდინარე ეტაპზე ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია 306 ხიმინჯის მოწყობა.

უწყების ცნობითვე, ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 600 000 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „გრანიტი“ აწარმოებს.

გამაგრებითი სამუშაოები ამჟამად კიდევ 9 ავარიულ სახლს უტარდება. მიმდინარე წელს ავარიული კორპუსების გამაგრება-გაძლიერებისთვის 22 მლნ ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხით კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური თბილისის მასშტაბით 30 ავარიულ კორპუსს გაამაგრებს.




ბეჭდვა