საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი შავშვების ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.
დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სებასტიან კურცი შავშვების ჩასახლებაში, ავსტრიული მხარის მიერ დაფინანსებული, „ნაღმით დაზარალებულთა სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაციის პროექტის“ მონაწილე დევნილსაც ესტუმრა.
სოზარ სუბარის განცხადებით, სებასტიან კურცი ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში გავლენიანი ფიგურაა, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას მხარს აქტიურად უჭერს.
„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ეუთო-ს თავმჯდომარისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი. მნიშვნელოვანია, რომ მავთულხლართები თავისი თვალით ნახა. კურცი ამ ჩასახლებაში ნაღმით დაზარალებულ ადამიანებს შეხვდა, რომლებსაც ავსტრიის რესპუბლიკა დაეხმარა. ამ ადამიანებს არა მხოლოდ სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება გაეწიათ, არამედ მათი პროფესიული გადამზადება და მცირე ბიზნესის დაფინანსება მოხდა“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
