ქართული თაფლი ევროკავშირის ქვეყნებში გაიყიდება
ქართული თაფლი ევროკავშირის ქვეყნებში გაიყიდება
15:24 03.02.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საქართველოში ევროკავშირის პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და “DCFTA“ მხარდაჭერით გამართულ სემინარში მონაწილეობა მიიღო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სემინარზე ქართული თაფლის ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობების სხვადასხვა ასპექტის კვლევის შედეგები განიხილეს.
შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ევროკავშირის დელეგაციას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართული თაფლი პირველი ცხოველური პროდუქტია, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებში გაიყიდება.
„ქართული თაფლის ხარისხისა და შესაძლებლობების კვლევის პროცესში ჩვენ ექსპერტებთან აქტიურად ვთანამშრომლობდით. დღეს შემუშავებული რეკომენდაციები მოვისმინეთ, რომლის გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება იმ პოტენციალის ასათვისებლად, რაც ქართულ თაფლს აქვს. უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა შევძლოთ ყველა სტანდარტზე მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, მეწარმეებს შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდოთ, იმისათვის, რომ ქართული თაფლი ხარისხიანი, ცნობადი პროდუქტი გახდეს და საკუთარი ნიშა ევროპის ბაზარზე დაიკავოს“ - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
უწყების ცნობითვე, ევროპელმა ექსპერტმა, სტეფან შვარცინგერმა დამსწრე საზოგადოებას ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო. მან ასევე, თაფლის ხარისხის კონტროლის მნიშვნელობაზე და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე ასევე, საუბარი თაფლის წარმოების ხელშეწყობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპარციის და ლაბორატორიული მომსახურების სისტემის სრულყოფის მნიშვნელობას შეეხო.




ბეჭდვა