საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით, გურჯაანის რაიონის
სოფელ ბაკურციხეში არსებულ კულტურის ცენტრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - ზურაბ ალავიძემ, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა - გალაქტიონ ბუაძემ და მისმა მოადგილემ დავით ტაბიძემ დაათვალიერეს.
კულტურის ცენტრში სამრევლო სკოლის, აგროსკოლის, ქართული ტრადიციული სამრეწველო საამქროებისა და სახელოსნოების ამუშავებაა დაგეგმილი. ასევე, განსაზღვრულია სივრცე ბიბლიოთეკისთვის, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზებისთვის.
უწყების ცნობითვე, 70-იან წლებში აშენებულ კულტურის ცენტრს დღემდე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. შედეგად, შენობა მწყობრიდან მთლიანად გამოვიდა და 90-იანი წლებიდან აღარ ფუნქციონირებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, კულტურის ცენტრს და ეზოს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა: შენობის სახურავი გამოიცვალა, ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი მოწესრიგდა, გათბობა-ვენტილაციის სისტემები დამონტაჟდა და ეზო კეთილმოეწყო. სამუშაოების ღირებულებამ 2 მლნ. ლარს გადააჭარბა. რეაბილიტაციის პერიოდში 40 ადამიანი დასაქმდა.
