მინაშვილი – აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა ტრეფიკინგთან საქართველოს ბრძოლის კუთხით პოზიტიურია
მინაშვილი – აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა ტრეფიკინგთან საქართველოს ბრძოლის კუთხით პოზიტიურია
17:33 20.06.2012
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის განცხადებით, ტრეფიკინგის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო  დეპარტამენტის 2012 წლის ანგარიში საქართველოსთვის პოზიტიურია და ქართულ მედიაში დოკუმენტის არასწორი ანალიზი გაკეთდა.
კერძოდ, როგორც დეპუტატმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ანგარიშში საქართველო პირველ ჯგუფშია, რომელიც ტრეფიკინგთან ყველაზე ეფექტურად მებრძოლი ქვეყნების ჯგუფია.
„საქართველო ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოთა რიგშია. პირველ ჯგუფში არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, დანია, ესტონეთი, ვინც ყველაზე კარგად და ეფექტურად ებრძვის ამ დანაშაულს. ეს საქართველოს წარმატებაა“ – განაცხადა მინაშვილმა.
მისი თქმით, ტრეფიკინგის პრობლემა არსებობს და მსოფლიოში მისი აღმოფხვრა ვერსად ხერხდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყნები ამ ბრძოლაში მაინც კლასიფიცირებულია.
„ყველა მიმართულებით საქართველოს გაუმჯობესებული აქვს თავისი მოქმედება და აქტივობა, იქნება ეს დამნაშავეების დევნა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარების პირობების გაუმჯობესება თუ მათი დაცვა“ – აღნიშნა დეპუტატმა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის ნახსენები, რომ საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებულ სახელმწიფოთა რიცხვშია.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2012 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ძირითად სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა, საუბარია პრობლემებზეც.
ანგარიშის მიხედვით, ქალები და გოგონები სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი არიან როგორც საქართველოში ისე თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ანგარიშში ადამიანების პროსტიტუციაში ჩართვის კონკრეტული მაგალითებია მოყვანილი. ამასთან, აღნიშნულია, რომ როგორც ქალები ისე მამაკაცები იძულებითი მუშაობის მსხვერპლნი არიან საქართველოში, ხოლო ქართველები იძულებითი მუშაობის მსხვერპლნი არიან რუსეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში.

ბეჭდვა