იუსტიციის სამინისტროში „მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის“ მუშაობის შედეგები შეაჯამეს
იუსტიციის სამინისტროში „მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის“ მუშაობის შედეგები შეაჯამეს
13:35 20.06.2012
„მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის“ ერთწლიანი მუშაობის შედეგები დღეს იუსტიციის სამინისტროში შეაჯამეს.   
პროკურატურის ახალი სამსახურის მიმართ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები კომპანია ACT-მა წარმოადგინა. კვლევის დროს ის 237 რესპონდენტი გამოიკითხა, რომლებმაც „მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის“ სამსახურით ისარგებლეს. ჩატარდა ინდივიდუალური და ჯგუფური ინტერვიუები.
როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, კვლევის მიხედვით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის შესახებ მოქალაქეები ინფორმაციას, ძირითადად უშუალოდ კოორდინატორისგან იგებენ. გამოკითხულთა დაახლოებით 93%-ს „მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური“ „მნიშვნელოვნად“ ან „ძალიან მნიშვნელოვნად“ მიაჩნია, მათი 96% კი, გაწეული მომსახურებით „კმაყოფილი“ ან „ძალიან კმაყოფილია“. „მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის“ სერვისით სარგებლობის შემდეგ, პროკურატურის მიმართ განწყობა დადებითად შეეცვალა გამოკითხულთა 69%-ს.
კვლევის პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროში დაზარალებულის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. კვირეული ორშაბათს, 18 მაისს, ბათუმში გაიხსნა და 24 ივნისამდე გაგრძელდება.
კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროში გაიმართება მრგვალი მაგიდა, შეხვედრები, დისკუსიები, სადაც დაზარალებულის უფლებების დაცვასა და ამ კუთხით საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე ისაუბრებენ.
„მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური“ 2011 წლის აგვისტოდან მოქმედებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდსა და გორში.
სამსახურის მიზანი სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას მოწმეებისა და დაზარალებულებისადმი სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფა და მათთვის საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა.

ბეჭდვა