მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ბარათაშვილის ხიდთან ახალი ესტაკადის მშენებლობა დაიწყო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ბარათაშვილის ხიდთან მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში ქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით, მერიამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის მიხედვით მარჯვენა სანაპიროს მთელ სიგრძეზე ხუთ ადგილას პანდუსები, ხიდები, გვირაბები და ესტაკადები აშენდება.
ავლაბრიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მარჯვენა სანაპიროზე დიღმის მიმართულებით მოძრაობენ ახალი ესტაკადით ისარგებლებენ. იუსტიციის სახლთან გაუქმდება არსებული შუქნიშანი და სატრანსპორტო საშუალებები უწვეტ რეჟიმში შეძლებენ გადაადგილებას. მარჯვენა სანაპიროზე დიღმის მხრიდან მოძრავი ნაკადი, რომელიც იუსტიციის სახლის მიმართულებით იმოძრავებს, ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსზე ავა და მარცხნივ მოხვევით ახალი ესტაკადით ისარგებლებს. ასევე მარჯვენა სანაპიროზე ორთაჭალის მხრიდან მოძრავ ტრანსპორტს აღარ ექნება მარცხნივ მოხვევით ბარათაშვილის არსებულ პანდუსზე ასვლის უფლება.
ესტაკადის მშენებლობა 2012 წლის შემოდგომაზე დასრულდება. მერიის ინფორმაციით, სამუშაოებზე წლის განმავლობაში 1000-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.
