„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები დღეს სამგორის რაიონში სტუდენტებს შეხვდნენ.
გიორგი თარგამაძემ, ლევან ვეფხვაძემ და ჯაბა სამუშიამ ახალგაზრდებს განათლების საკითხებთან დაკავშირებით უმაღლესი განათლების „ქრისტიან-დემოკრატების“ პროგრამა გააცნეს. პროგრამაში გათვალისწინებულია სტუდენტების დასაქმება და სწავლის საფასურის შემცირება.
მოძრაობის ლიდერის განცხადებით, განათლების სწორი პოლიტიკის შემთხვევაში არ დარჩება არცერთი სტუდენტი, რომელსაც დაფინანსება არ ექნება. გიორგი თარგამაძის თქმით, ამისთვის ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხა უნდა გამოიყოს.
„ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს იმ სურათის შეცვლას რაც დღეს გვაქვს, როდესაც 10-დან მხოლოდ 3 სტუდენტს მიუწვდება ხელი სასწავლო სტუდენტურ გრანტზე. ჩვენი წინადადებით ათივე სტუდენტს 50%-იანი დაფინანსება ექნება. დარჩენილი 50%-ს და მეტს შედეგების გათვალისწინებით მიიღებს“ - განაცხადა თარგამაძემ.
„ქრისტიან-დემოკრატების“ აზრით, იმ ფონზე როდესაც ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, სასურველია, განათლების სფეროს ბიუჯეტიც დამატებით 20 მილიონი ლარით დაფინანსდეს.
