ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბაგრატის ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დროებით შეჩერდა.
შესაბამისი განცხადება კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა დღეს ბაგრატის ტაძრის ეზოში გააკეთა.
როგორც ვაჩეიშვილმა აღნიშნა, ტაძარს საკმაოდ მაღალი ხარისხის სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება, თუმცა, საპატრიარქოს მოთხოვნით, პროცესი ჩერდება.
„კიდევ ერთხელ გავივლით კონსულტაციებს და ყველა შეჯერებულ პოზიციას გადავხედავთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ რაც კეთდება, მართლაც ხარისხიანია. იმედი მაქვს, სამუშაოები მალე გაგრძელდება“-განაცხადა ვაჩეიშვილმა.
ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის შესახებ ერთ კვირაში „იუნესკოს“ შესაბამის კომიტეტშიც იმსჯელებენ.
ბაგრატის ტაძრის მშენებლობა-რესტავრაციის შეჩერება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ, სამების ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას მოითხოვა.
„ბევრი რამ არასწორადაა გაკეთებული და ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ მშენებლობა და რესტავრაცია საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე, თვითნებურად ხდება. სწორედ ამიტომ, მე გავეცი ბრძანება, რომ დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში“ - აღნიშნა მან და დასძინა, რომ სამუშაოები მანამდე შეჩერდება, სანამ არ გაირკვევა ზუსტად რა უნდა გაკეთდეს.
