კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისთვის“ ოზურგეთის აქციაზე ჟურნალისტების მიმართ არათანაბარი მიდგომა დააფიქსირა
კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისთვის“ ოზურგეთის აქციაზე ჟურნალისტების მიმართ არათანაბარი მიდგომა დააფიქსირა
12:05 18.06.2012
კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ოზურგეთის აქციაზე მედიის წარმომადგენლების მიმართ არათანაბარი მიდგომის შემთხვევები დააფიქსირა.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის წარმომადგენელმა მაგდა პოპიაშვილმა განუმარტა, ერთადერთი პრობლემა, რაც გუშინდელ აქციაზე გამოიკვეთა, ჟურნალისტების მიმართ მცირედი არათანაბარი მიდგომა იყო.
პოპიაშვილის განცხადებით, აქციაზე ჟურნალისტების ნაწილს შეზღუდული ჰქონდა შესაძლებლობა იმ ადგილას მისულიყო, სადაც ტელეკომპანიების წარმომადგენლები იდგნენ და კადრები სხვადასხვა რაკურსით გადაეღოთ. აღნიშნულის მაგალითად მან საინფორმაციო სააგენტო „გურიანიუსის“ ჟურნალისტები მოიყვანა.
პოპიაშვილის თქმით, ამ შესაძლებლობას ჟურნალისტებს გარკვეული ჯგუფი უზღუდავდა, რომელსაც წესრიგის დამყარება ჰქონდა დავალებული.
„არჩევანის თავისუფლებისთვის“ წევრი ვერ აკონკრეტებს, აღნიშნული ჯგუფი აქციის ორგანიზატორების დავალებას ასრულებდა თუ საკუთარი ინციატივით მოქმდებდა. მისი თქმით, ამ საკითხით თვითონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უნდა დაინტერესდნენ.
„როდესაც ჩვენ პრეზიდენტის რეგიონული ვიზიტებისას მის პრესსამსახურს ვთხოვთ ყველა ჟურნალისტს მუშაობისა და გაშუქების თანაბარი უფლება მიეცეს, იგივეს ვითხოვთ ოპოზიციური ლიდერებისგან“ - განაცხადა პოპიაშვილმა.
მისივე თქმით, სხვა მხრივ აქცია ნორმალურად იყო ორგანიზებული და ყველაფერმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. მხარდამჭერების გადაადგილებისთვის ხელის შეშლის განსაკუთრებულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.



ბეჭდვა