ვაშინგტონში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება
ვაშინგტონში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება
15:36 07.12.2016
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართება მიღება, რომელიც საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებულ მიმდინარეობას მიეძღვნება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ აშშ-ში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ციკოლია და ფარმაცევტული კომპანია „Gilead Sciences“-ის კორპორატიულ და სამედიცინო საქმეებში აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი გრეგ ალტონი.
საქართველოში აღნიშნული პროგრამის ჰუმანიტარული მისიის წარმატების აღსანიშნავად და C ჰეპატიტის ეპიდემიასთან ბრძოლაში მსოფლიო მასშტაბით ლიდერობისათვის, ნიუ იორკში მოღვაწე ქართველი თანამედროვე ხელოვანი დავით დათუნა კომპანია „Gilead Sciences“-ს „სიცოცხლის ჯილდოს“ გადასცემს. აღნიშნული ჯილდო დავითის საქველმოქმედო საქმიანობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და გადაეცემა კორპორაციებსა და კერძო პირებს საზოგადოებისათვის გაწეული წვლილისათვის.
„აღსანიშნავია, რომ 2015 წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ წამოიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. სრულიად ბოლო თაობის თერაპია პოტენციურად კურნავს დაავადების მქონე პირთა 90%-ზე მეტს.
7 დეკემბერს დაგეგმილი მიღება ვაშინგტონის ისტორიულ სასახლე-მუზეუმში გაიმართება. ღონისძიების პარტნიორები არიან ქართველი თანამედროვე ხელოვანი დავით დათუნა და ფარმაცევტული კომპანია „Gilead Sciences“ - განმარტავენ უწყებაში.

ბეჭდვა